„კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ არის საქართველოში მოქმედი შინმოვლის მიმწოდებელი ორგანიზაციების გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოში შინმოვლის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა.

კოალიცია შეიქმნა 2006 წელს. 2010 წელს SocialCert GmbH-ის (გერმანია) მიერ მიენიჭა ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001:2008. 2011 წელს გახდა Homecare Europe-ის ნამდვილი წევრი. 2013 წელს, პარტნიორ ქსელებთან ერთად, დააფუძნა „საქართველოს ზრუნვის პლატფორმა“. 2018 წელს სათავეში ჩაუდგა ხანდაზმულთა მხარდამჭერ რეგიონულ პლატფორმას აღმოსავლეთ პარტნიორობის 4 ქვეყანაში.

კოალიციის მისია არის საქართველოში შინმოვლის ხარისხის, უსაფრთხოების და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

სტრატეგიული მიმართულებები

  1. შინმოვლის პროფესიული სტანდარტების განსაზღვრა და ხარისხის უზრუნველყოფა;
  2. შინმოვლის აღიარება სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტად;
  3. არაფორმალური მომვლელების ტვირთის აღიარება და მხარდაჭერა;
  4. შინმოვლის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების გაძლიერება.

ჩვენ გვინდა ისეთი საქართველო, სადაც ადამიანები, რომლებსაც შეზღუდული აქვთ თავის მოვლის უნარი, აღიქმებიან თანაბარი ღირსებისა და უფლებების მქონედ.

ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყნის შენებაში მონაწილეობის მიღება, სადაც საზოგადოება ზრუნავს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხოლო მათ აქვთ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება.

საქართველოს ფარგლებში კოალიციის საქმიანობა წარიმართება ორი მიმართულებით: შინმოვლის ქართული მოდელის შემუშავება და ქვეყნის მასშტაბით მისი დანერგვის ლობირება. კოალიციას შემუშავებული აქვს საქართველოში შინმოვლის დანერგვის სრული მეთოდოლოგია, რომელიც პილოტირებულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

ასევე, კოალიცია მონაწილეობს საერთაშორისო ქსელებისა და ფორუმების საქმიანობაში.