შინმოვლა არის კვალიფიციური სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე იმ პირთათვის, რომლებიც საკუთარ თავს ვერ უვლიან.
შინმოვლის მიზანია გააუმჯობესოს მოსარგებლეთა ცხოვრების ხარისხი, კერძოდ, გახადოს ისინი ყოველდღიურ ქმედებებში შეძლებისდაგვარად დამოუკიდებელნი მათთვის ჩვეულ საცხოვრებელ პირობებში, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფითა და სრულფასოვანი ცხოვრების ეთიკური ნორმების დაცვით.
ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ვერ უვლიან, ანუ ვერ ასრულებენ რომელიმე შემდეგ ფუნქციას: დაბანა, კვება, გადაადგილება, ჩაცმა, ტუალეტი, შარდვის და კუჭის მოქმედების კონტროლი.
- უძლური ხანდაზმულები;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
- დროებით უძლურებაში მყოფი პირები (მაგალითად, მწვავე მდგომარეობების, მძიმე დაავადებების, ოპერაციების, მოტეხილობების, ინსულტების შემდეგ);
- ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი (მომაკვდავი) პაციენტები.
- ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა (საექიმო და საექთნო მომსახურება ბინაზე), რაც სცილდება სხვა მომსახურებათა კომპეტენციას;
- ხელშეწყობა ყოველდღიურ საქმიანობაში (მაგ.: გადაადგილება, ჰიგიენა, კვება);
- ხელშეწყობა ყოველდღიურ ინსტრუმენტულ საქმიანობაში (მაგ.: მედიკამენტების მიღება, ტელეფონით სარგებლობა, ფინანსების მართვა);
- მოსარგებლის და მისი გარემოცვის ფსიქოსოციალური დახმარება (მაგ.: მორალური თანადგომა, შეღავათების მოძიება, იურიდიული დახმარება);
- საყოფაცხოვრებო დახმარება (გარემოს ადაპტაცია, საყიდლები, საკვების მიწოდება, დალაგება, გარეცხვა);
- მოსარგებლის და მისი გარემოცვის რესურსებისა და უნარების გამოვლენა და მათ განვითარებაში დახმარება (ინფორმირება, განათლება, უნარ-ჩვევების სწავლება).
შინმოვლის მიწოდება წარმოებს:
- ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომით;
- შემთხვევის მართვის მეთოდით;
- მრავალდარგობრივი გუნდის მიერ (კოორდინატორი, ექიმი, ექთანი, ექთნის თანაშემწე, სოციალური მუშაკი, ტექნიკოსი, საყოფაცხოვრებო ასისტენტი).
განვითარებულ ქვეყნებში შინმოვლა ჯანდაცვის და სოციალური სისტემის მნიშვნელოვანი და სწრაფად მზარდი სეგმენტია. როგორც ყველაზე იაფი და ეფექტური მომსახურება, ის ფარავს ხანგრძლივი მოვლის პროგრამაში ჩართული ადამიანების უმრავლესობას.
საქართველოში დაწყებულია შინმოვლის ინსტიტუციური განვითარების პროცესი.
კოალიციის მიერ შემუშავებულია მეთოდოლოგია, რომელიც პილოტირებულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. მოდელი ეყრდნობა ძირითადად დასავლეთევროპულ გამოცდილებას, თუმცა ადაპტირებულია ჩვენი ქვეყნისთვის.